Saturday, December 14, 2013

ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე








მოთხრობა
დოსტოევსკი  თეოდორ
მთარგმნელი  წერეთელი  ფატმან


I
ბიჭი ''პატარა ხელით''.
ბავშვები უცნაური ხალხია.
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე,  შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის
კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ
ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა,  მხოლოდ კისერზე
მოეხვია რაღაც ძველმანი,  ნიშანი იმისა,  რომ გამოშვებამდე მასზე
ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა ''პატარა ხელით''. ეს
მახასიათებელი ტერმინი,  რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს,

Saturday, November 9, 2013

‘’შუქი.. სინათლის სხივი, რომელმაც გაიელვა ჩემსა და სიბნელეს შორის’’

                                 ’შენ არ დამიწყებდი ძებნას, უკვე ნაპოვნი რომ არ გყავდე.’’


ჩემთვის ხელოვნება ლურჯია.. წმიდათაწმინდა ტყუილია. ზოგისთვის შეიძლება გაუგებრად ჟღერდეს ‘’ტყუილი’’ და ‘’წმინდა’’ გვედიგვერდ, მაგრამ ჩემთვის ასეა. ხელოვანის დანიშნულებაა, აბსოლუტურად ბანალურში დაგანახოს მარადისობა და სრულიად მარადიული კონკრეტულში ჩამოგიტანოს... დაგანახოს ისეთი რამ, რაზეც შეგიძლია თქვა: ‘’აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი..’’ ეს არის არა-ფერისა და ყველა-ფერის ჯადოსნური ჰარმონია.

Friday, November 8, 2013

ინტერვიუ გალაკტიონთან


 მახსოვს, პირველ ინტერვიუზე რომ მივდიოდი, ნერვიულობისგან ენა მებმებოდა. საუნივერსიტეტო დავალებას ვასრულებდი, მაგრამ პროფესიონალიზმით განვიმსჭვალე და  მაქსიმალური პასუხისმგებლობით აღვიჭურვე, შესაბამისად, ღელვის მაჩვენებელიც პიკს აღწევდა. ახლა რომ წარმოვიდგენ,  ჩემი რესპონდენტი ოდესმე შეიძლება გალაკტიონი ყოფილიყო, შიშის, სიხარულისა და ინტერესის სინთეზი შიგნიდან ძირფესვიანად მაბრუნებს. შიშის იმიტომ, რომ ღელვაზე მეტია, როდესაც გენიას უნდა ესაუბრო და თავს ამ დროს ჭიანჭველის პოზიციაში წარმოიდგენ. დანარჩენი გრძნობები კი ალბათ გასაგებია. გალაკტიონს ხომ არ სჭირდება ქება-დიდება, ის უკვე ეპითეტია.
რთულია ადამიანთან საუბარი, როცა იცი, რომ ის ეპოქაა, წარსული და მომავალია,  თავად ხოტბაა, პოეტების მეფეა. ისიც ძნელია, სწორად შეარჩიო , რას ჰკითხავდი და ის კიდევ უფრო, თუ როგორ ჰკითხავდი, რომ ირონიულად არ ჩაეცინა, პასუხად ღირსად ჩაეთვალე. სკოლის ასაკიდან მაწუხებდა რამდენიმე კითხვა, თუმცა არა მგონია თავად გალაკტიონისთვის გაბედა და მეკითხა შერვაშიძის ასულზე, ‘ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’, ან რა სევდა სტკიოდა, როცა ფანჯარა გააღო და რაფაზე ფეხი შედგა..საიდან დაებადათ აზრი, რომ ის კი არ გადახტა,არამედ ზღვაში შეცურა, ხალათიც ამიტომ გაიხადა.

ნია ინტერვიუ

ფაუსტმა  შემოთავაზებული 3 ვარიანტიდან ახალგაზრდობა აირჩია, რათა მეტი დრო ჰქონდეს, ეძიოს პასუხები კითხვებზე, დაეჭვდეს, მეტი გაიგოს და აღმოაჩინოს...     რუბრიკის სტუმარი, ახალგაზრდა მხატვარი ნია ჯინჭარაძეც შემოქმედებით ძიებაშია. როგორც ინტერვიუდან გაირკვა, ის ცდილობს, დახვეწოს ხატვის ტექნიკა და გაიფართოვოს პროფესიული თვალსაწიერი. იგი ხატწერის სპეციალისტია თბილისის სასულიერო აკადემიიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, ფერწერული ტილოებიც მრავლად აქვს. უკეთ გავეცნოთ მის შემოქმედებას.

როდის გააანალიზეთ პირველად, რომ მხატვრობა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა?

ხატვა სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე. ფერწერამ მხოლოდ 5 წლის წინ დამაინტერესა. ეს ყველაფერი მარტივად მოხდა. სინამდვილეში სულაც არ აღმომიჩენია, რომ მხატვრობა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. უბრალოდ მივხვდი, რომ ძალიან მომწონს ამ საქმის კეთება. ფერებთან მუშაობის დროს ვგრძნობ თავისუფლებას, მსიამოვნებს და მიყვარს ნამუშევრის შექმნის პროცესი. ამის გათვალისწინებით, ვარ მხატვარი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში. (იცინის)

როგორც ვიცი, თქვენ ხატმწერი ხართ. გიმუშავიათ თუ არა ფრესკაზე და პირველად რომელი წმინდანის ხატი დაწერეთ?

ფრესკაზე მუშაობის გამოცდილება, სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს. სემინარიაში უშუალოდ ხატებზე ვმუშაობდით. ფრესკაზე მუშაობის შესაძლებლობა კი იმ დროს არ მოგვეცა. პირველი იკონოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც მე შევქმენი, იყო წმინდა გიორგის სვანური ხატი. მასზე მუშაობამ ძალიან დიდი ძალისხმევა მოითხოვა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც მივიღე, რადგან იმ დროს, როცა ამ ხატზე მუშაობას შევუდექი, ხატვა ახალი დაწყებული მქონდა და წმიდა გიორგის ხატი ჩემი პირველი ნამუშევარი იყო.

საინტერესოა, რამდენად განსხვავებულ ემოციებსა და მიდგომებს მოითხოვს ხატთან მუშაობა და ფერწერა?

იკონოგრაფიული ნიმუშის შექმნა მოითხოვს მყარ სულიერ სიმშვიდეს და მაქსიმალურად მყუდრო ატმოსფეროს. ამ დროს ხელს არაფერი უნდა გიშლიდეს, რადგან ხატმწერი მუშაობის პროცესში სულიერებას უნდა გადმოსცემდეს. ეს ხომ არ არის საკუთარი შემოქმედება, რომ შენი ფანტაზია გადმოსცე და შინაგანი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აიღო ფუნჯი ხელში?! ხატში თითოეულ კონტურსაც კი თავისი დატვირთვა აქვს, ფერწერაში კი სრული თავისუფლებაა. თანამედროვე მხატვრობაში თავისუფლების აღქმა განსაკუთრებულად თვალშისაცემია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხატწერა დიდ სულიერ მზაობას მოითხოვს, რადგან ერთი შეცდომის დაშვებაც კი ხატის წერის დროს მიზანს მიუღწეველს ხდის.

სწავლის პროცესში, ალბათ, არაერთი ხატი დაწერეთ. ყველაზე მეტად რომელი ხატის დაწერას ისურვებდით იმ ხატებიდან, რომლებთანაც შეხება ჯერ არ გქონიათ?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაწერილი მაქვს, კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით დავწერდი მაცხოვრის ხატს. გახსოვთ, ალბათ, რომელ ხატზეც მაქვს ლაპარაკი: მხოლოდ ქრისტეს სახე რომ არის გამოსახული. და კიდევ ერთი ხატი, რომლის დაწერაზეც დიდი ხანია ვფიქრობ, ეს ‘’სვანური ჯვარცმაა’’. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ხატი, თუმცა მის დასაწერად  გამბედაობა ჯერ არ მყოფნის. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საკმარის ტექნიკას არ ვფლობ ამ ხატის მაღალ დონეზე დასაწერად, მაგრამ ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შევძლებ.

წარმატებას გისურვებთ. გადავიდეთ უშუალოდ ფერწერაზე. საინტერესოა, რას ფიქრობთ შემოქმედებითი გავლენების შესახებ. ვინ არიან ის მხატვრები, ვინც თქვენს ფერწერულ ნამუშევრებზე ძირეული ზეგავლენა მოახდინეს?

შემოქმედებითი გავლენა ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელოვანის ნამუშევრებზე. ეს საინტერესო ხასიათს ატარებს, თუმცა, არასოდეს მივიღებ ისეთ შემოქმედებით გავლენას, რომელიც, საბოლოოდ, იდენტურ ან მეტისმეტად მსგავს შედეგებს მოგვცემს. მხატვრამა საკუთრივ თავისი ხედვა უნდა ჩადოს ნამუშევარში. სწავლის პროცესში ბევრს აკვირდები, მეტის და მეტის შეძენას ცდილობ, ამიტომ შემოქმდებითი გავლენა ყველაზე მეტად იგრძნობა მსოფლიო დონის მხატვრებისგან, რომელთა ტილოებიც შედევრებად ითვლება და რომლებიც ფერწერულ ისტორიას ქმნიდნენ. თუმცა, სანამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრებს დაგისახლებდეთ, გეტყვით, რომ სემინარიაში სტუდენტებიც ერთმანეთზე ვახდენდით გავლენას. სწავლის პროცესში, ძირითადად, სხვას აკვირდები. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ ჩემზე, არამედ მთელ ჯგუფზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემმა მეგობარმა და ჯგუფელმა, რუსუდან ჯანჯალაშვილმა.მისი სტილით დაინტერესება შეეტყო მათაც, ვისაც ხატვა ახალი შესწავლილი ჰქონდა და მათაც, ვინც ამ საქმიანობას, უკვე წლებია, მისდევს. 


საინტერესოა, ეს როგორ მოახერხა?

ტონალობის მისაღებად ფერების შეზავება უკეთ გამოდის, თუ საკუთარ შედეგს სხვისას ადარებ. რუსიკოს ძალიან დიდი პალიტრა ჰქონდა - წარმოიდგინეთ, მხოლოდ მწვანე ფერის 10 ტონი. ეს ძალიან ბევრია, მაშინ როცა დამწყები მხატვრისთვის ფერის 3 ტონიც დიდ შეჭიდებას წარმოადგენს. თავიდან საკმაოდ მუქ ფერებში ვხატავდი, მერე კი, როცა მის ნამუშევრებს შევხედე და სხვადასხვა ტონალობები ამოვიცანი, მეც გამიჩნდა სურვილი, ასე მეკეთებინა. ამ გზით განიცადა ცვლილება ჩემმა პალიტრამ.  ცვლილება,პრინციპში, მე განვიცადე. აკადემიაში სპეციალობის შესწავლამდე სრულიად განსხვავებული ხედვები და მიდგომები მქონდა. სხვათაშორის, აკადემიაში თემატური გემოვნებაც შემეცვალა: მანამდე, ძირითადად, პორტრეტებით ვიყავი დაკავებული, დღეს კი ჩემს ნამუშევრებში აშკარაა პეიზაჟის თემით დაინტერესება.


რას მეტყვით მსოფლიო საზოგადოებისათვის ცნობილი მხატვრების მიერ თქვენს შემოქმედებაზე გავლენის შესახებ? ვის გამოარჩევთ ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, ელ გრეკო მახსნედება. ეს ესპანელი მხატვარი ჩემთვის გამორჩეულია რენესანსის ეპოქაში. იგი ფერწერის განსხვავებულ ტექნიკას ფლობს. ასეთია ჩემი აზრი. მომწონს მისი ნამუშევრები: ‘’ტოლედოს ხედი’’, ‘’წმინდა სამება’’ და პორტრეტები.  აგრეთვე,  გამოვარჩევ ვინსენტ ვან გოგს. მიმაჩნია,რომ ჩემს ნამუშევრებს აქვთ ამ დიდი მხატვრის გავლენა. ძალიან მიყვარს კლოდ მონე და ედვარდ მანე.  საოცარია პიკასო თავისი კუბისტური ქმნილებებით. მიუხედავად იმისა, რომ კუბიზმი, როგორც მიმდინარეობა, ჩემში არ ზის, პიკასოს ტილოები ჩემს დიდ ინტერესს იწვევს. კლასიკოს მხატვრებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ისინი შეუდარებლები არიან. შეუძლებელია მიქელანჯელო ვინმეზე გავლენას არ ახდენდეს. წარმოიდგინეთ,მისი ჩანახატების კრებულიც კი უდიდეს ინტერესს იწვევს საზოგადოების ფართო მასებში.

რას ნიშნავს თქვენთვის, იყო ნოვატორი მხატვრობაში?  რამდენად საინტერესოა თქვენთვის მოდერნისტული ხედვის გამძაფრება შემოქმედებაში?

პირველ რიგში, მინდა განვსაზღვრო, თუ რა არის ნოვაცია. იგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მაშინ, როცა ნამდვილად ინოვაციაა და უკვე არსებულის გადაკეთებულ ან, უარეს შემთხვევაში, დამახინჯებულ ფორმას არ წარმოადგენს. ხელოვანს, რაც არსებობს, იმის პატივისცემა მართებს, თუმცა შეიძლება,  არ მოსწონდეს. რაღაცით აღფრთოვანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ვიზიარებთ. შეიძლება, იმას, რაც შემოქმედს ხელთ აქვს, სხვა მიმართულება მისცეს, საკუთარ ყალიბში ჩამოასხას, მაგრამ, მთავარია, არ დაამახინჯოს. როცა არ იცი რაღაცას რისთვის აკეთებ, ჯობს გაჩერდე. ჩემი აზრით, ნოვატორობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, თავიდან ყველაფერი ნოვაციაა. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კლასიკა, თორემ თავდაპირველად ყველაფერი სიახლეს წარმოადგენდა. კაზიმ მალევიჩის ‘’შავი კვადრატი’’ რომ გავიხსენოთ, ბევრისთვის ის დღესაც რთულად აღსაქმელია ხელოვნების ნიმუშად, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც ხელოვნებაა. ამ ნამუშევარში დევს აზრი:’’გამარჯვება მზეზე’’. მასში სივრცე ძალიან საინტერესოდ არის გამოსახული, ჩარჩო კი უნიკალური დეტალია ამ ტილოში. აბსტრაქციული ტილოების დამკვიდრებას გარკვეული პერიოდი დასჭირდა, თუმცა ეს მოხდა, რადგან ესეც ხელოვნებაა იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ იდეას ასულდგმულებს.

მხატვრობა ძალიან შემოქმდებითი სფეროა, რომელიც ხელოვანის სულიერ მდგომარეობას, განწყობას,დამოკიდებულებას და წარმოსახვას ემყარება. ასეთ სპეციფიკურ სფეროში რამდენად ადვილია რეალიზმის ასახვა ფერწერაში?

მე თვითონ რეალისტი ვარ და, შესაბამისად, ვცდილობ არსებულის ასახვას ჩემს შემოქმედებაში, თუმცა რამდენად გამომდის, ეს სხვამ შეაფასოს. ზოგადად, ყველა ადამიანს რეალობის თავისებური აღქმა გააჩნია, მით უმეტეს, მხატვარს. თავის გარშემო არსებულ ვითარებას ყველა მხატვარი თავისებურად ხედავს. სწორედ ეს ხდის შემოქმედებას საინტერესოს. რეალიზმი იგივე სიმართლეა, სიმართლის ოსტატურად ასახვა მხატვრობაში კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 2 პიროვნება ერთსა და იმავე საგანას განსხვავებულად ხედავს. მთავარი ის არის, თუ როგორ გადმოსცემენ მის აღწერილობას.

მსოფლიოს შედევრი ნახატებიდან რომელზე ისურვებდით,რომ თქვენი შესრულებული იყოს? ვგულისხმობ, რომელი ფერწერული ტილო მოგწონთ შესრულების ტექნიკის, მოპოვებული აღიარების ან ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის მიხედვით?

სირთულის მიხედვით, და ვინჩის ‘’მონა ლიზას’’ , ვფიქრობ, არც ერთი ნახატი არ შეედრება. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მისი ასეთი ოსტატობით შესრულება, განსაკუთრებით კი, უკანა ხედის. თუმცა, იგი არ არის ჩემი ყველაზე საყვარელი ნახატი. ნამუშევარი რომ ძალიან მომეწონოს, აუცილებელი არ არის ის,
ვთქვათ, სეზანის შესრულებული იყოს. 2 წლის წინ მეგობრები შევიკრიბეთ. ერთერთმა აიღო ფუნჯი და საღებავები და ფერები უბრალოდ შეასხა ქაღალდს. გასაოცარი აბსტრაქცია გამოვიდა.


რა რჩევას მისცემთ იმ ადამიანებს, ვისაც ხატვა ახალი დაწყებული აქვს ან სურს შეისაწვლოს ეს საქმიანობა?

დღეში, მინიმუმ ,4  საათის განმავლობაში მაინც უნდა ხატონ; გამუდმებით ფანქარი უნდა ეჭიროთ ხელში და ჩანახატებს აკეთებდნენ; ეცნობოდნენ დიდი მხატვრების შემოქმედებას. საკუთარ თავზე მუშაობა წარმატების გარანტი იქნება.






        ავტორი:            Eli Marlene