Friday, November 8, 2013

ინტერვიუ გალაკტიონთან


 მახსოვს, პირველ ინტერვიუზე რომ მივდიოდი, ნერვიულობისგან ენა მებმებოდა. საუნივერსიტეტო დავალებას ვასრულებდი, მაგრამ პროფესიონალიზმით განვიმსჭვალე და  მაქსიმალური პასუხისმგებლობით აღვიჭურვე, შესაბამისად, ღელვის მაჩვენებელიც პიკს აღწევდა. ახლა რომ წარმოვიდგენ,  ჩემი რესპონდენტი ოდესმე შეიძლება გალაკტიონი ყოფილიყო, შიშის, სიხარულისა და ინტერესის სინთეზი შიგნიდან ძირფესვიანად მაბრუნებს. შიშის იმიტომ, რომ ღელვაზე მეტია, როდესაც გენიას უნდა ესაუბრო და თავს ამ დროს ჭიანჭველის პოზიციაში წარმოიდგენ. დანარჩენი გრძნობები კი ალბათ გასაგებია. გალაკტიონს ხომ არ სჭირდება ქება-დიდება, ის უკვე ეპითეტია.
რთულია ადამიანთან საუბარი, როცა იცი, რომ ის ეპოქაა, წარსული და მომავალია,  თავად ხოტბაა, პოეტების მეფეა. ისიც ძნელია, სწორად შეარჩიო , რას ჰკითხავდი და ის კიდევ უფრო, თუ როგორ ჰკითხავდი, რომ ირონიულად არ ჩაეცინა, პასუხად ღირსად ჩაეთვალე. სკოლის ასაკიდან მაწუხებდა რამდენიმე კითხვა, თუმცა არა მგონია თავად გალაკტიონისთვის გაბედა და მეკითხა შერვაშიძის ასულზე, ‘ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი’’, ან რა სევდა სტკიოდა, როცა ფანჯარა გააღო და რაფაზე ფეხი შედგა..საიდან დაებადათ აზრი, რომ ის კი არ გადახტა,არამედ ზღვაში შეცურა, ხალათიც ამიტომ გაიხადა.
                            ‘’...ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
                              საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
                              ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
                              ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
                              მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
                              იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ....’’
გალაკტიონს რომ შევხვედროდი, ალბათ   უცხოს თვალით დანახული ეს მომენტი რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვას არ მიიღებდა, ალბათ არც პოეტისთვის, მხოლოდ მე მეცოდინებოდა, ვის ვესაუბრები და იძულებით სიმშვიდეს შევინარჩუნებდი. ცოტა რომ გაადვილებულიყო ჩემთვის, გალაკტიონს ოდნავ გავაადამიანურებდი. დავუსვამდი კითხვებს მის ბავშვობაზე, ვკითხავდი მის საყვარელ სათამაშოზე და შიშზე, რომელიც სიყმაწვილის დროს აფრთხობდა. მისი პასუხები ალბათ იქნებოდა მიუწვდომელი, ცოტა გაუგებარი. ოდნავ გავუღიმებდით კარალეთის დღეებს და ბეთანიას, დავხატავდით ფარშევანგების თოვას, მიმოზათმიან ბავშვს, ქალწულების ხიდიდან ფენას..  გულს გავითბობდით თიბათვის მზეზე..
ვკითხავდი, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მისთვის  13-ს. (‘’კივის ტაძრიდან ზარი მეცამეტე’’.. ‘’ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი’’)
გავყვებოდი იანვრის მოძმეს,  ვნახავდი, სად არის იისფერი თოვლი, ზამბახების წყებად წვენა.
გავკადნიერდებოდი, ჩავაცივდებოდი, გამოთხოვების ჟამსაც არავის გაუმხელდა მეთქი  თავის საიდუმლოს? 
‘’ და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო, რომლის სევდამ, გადმომღვარა სინანული,
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,
საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა‘’
სიმღერას ვთხოვდი, ის ალბათ ლექსს წამიკითხავდა.. მისი რითმები ისედაც მუსიკაა. მელოდიაზე ვკითხავდი, ჰანგებზე, ქარის მუსიკაზე, ბეთჰოვენზე, ვაგნერსა და მოცარტზე. ალბათ მეტყოდა, ‘’ჩემი ცხოვრება - ეს მეცხრე სიმფონიაა. ‘’
‘’ბევრნი არიან ხმათა მთოვენი,
მაგრამ სულ სხვაა აქ ბეთჰოვენი,
განმეორებით, ასე მგონია
იმის მეცხრე - ღრმა სიმფონია.’’
(გერმანელ რომანტიკოს მწერალ ჟან პოლ რიხტერის სიტყვები: „როდესაც შეპყრობილი ვარ მღელვარებით და მსურს მისი გადმოცემა, მე ვეძებ არა სიტყვებს, არამედ ბგერებს... გარეშე სამყაროდან, თავისუფალი ბუნებიდან ჩემს სულში შემოდიან ჰარმონიები და მელოდიები... ისინი თავიანთი მუსიკალობით არა მშორდებიან. ‘’)
სიონში წავიდოდით, მისი თვალით იქნებ დამენახა თეთრი ოლარების აელვარება და დაღლილი ქალი. იქვე ვკითხავდი, ხომ აღარ ემდურის მზე მარიამს, ხომ დაელოდება განსასვენებელ ზიარებაზე..
შეღამდებოდა. მთაწმინდა დაელოდებოდა პოეტს, მე ფეხდაფეხ მივდევდი. ღამე სულში ჩაიხედავდა. ვისაუბრებდით სიკვდილის ვარდისფერ გზაზე.  წარმოვიდგინე. მეც მინდა ‘’მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად’’... ოღონდ... 


ავტორი : Eli Marlene


No comments:

Post a Comment