Tuesday, April 29, 2014

„ დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერიხ მარია რემარკი


 როცა  ეს პატარა, დაცენცილი წიგნი  დავინახე ბიბლიოთეკარის ხელში, ერთადერთი, რაც მახარებდა იყო მისი სიძველის ეფექტი, მაგრამ არ გამიხარდა, როგორც ყველას, როცა იმას არ ვიღებთ, რაც გვინდა.

 დაწყება არც თუ ძნელი იყო: უბრალოდ ავიღე და გადავშალე. ხანდახან ღრმად ჩავისუნთქავ  და მინდა ამოსუნთქვამდე შორს გავცურო, შორს და  როცა თავს ავწევ, უკვე ზღვაში ვიყო , რომლის სირღმე ისე გიზიდავს, გეთამაშება, რომ  წამიერი ფიქრიც კი სხვა სიცოცხლეზე ზედმეტი გეჩვენება.
თუმცა წიგნი ამ განწყობით არ დამიწყია. ასე რომ, ბრძოლის აღწერამ ვერ მოარტყა .ნელ–ნელა დასრულების სურვილმა შემიტყუა.  ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ გაჩერება არ მინდა:  მინდა რომ  მეტი გავიგო ამ უცნობი მთავარი გმირის შესახებ, რომელიც იმდენივე ხნისაა, რამდენისაც - მე, მხოლოდ, სკოლის დამთავრებისას. ცოტა დაბნეული ვარ, არ მჯერა ამ ვითომგამოცდილი სიტყვების, მისი ემოციების ... რა სისულელეა, ომის შიში?!  სისხლისა და სიკვდილის აღწერა?!.. მაგრამ არცერთი სიტყვა ავტორზე ან მის სიყალბეზე. როცა ამას ხვდები,  უკვე იქ ხარ: უკვე ნაწარმოებში ხარ. სანიშნი ავიღე და ზედ ვიწერ მომენტებს, ფრაზებს.
გიჩნდება სევდა დაღუპული თაობის მიმართ, რომელიც უკვე 18 წლის ასაკში ხვდება  თავის  მძიმე ყოფას; რომ თუნდაც დაბრუნდეს, სიკვდილი ერთადერთია რაც იცის, ერთადერთია რაც შეუძლია და ამასაც მხოლოდ ომის სტატისტიკის ფურცლები დაინახავს. სიხარული?  არის  სიხარული, – დღის შეგრძნება და გაჭიანურებული სიცოხლის მტკიცედ ჩაკვრა საღამოს, როცა მომავალი შეტევა იწყება. ყველა, ვინც აქ, ამ  პატარა წიგნში საბრძოლო სცენებს ეძებს და უძლეველი ბრიგადების გასაოცარ ტალანტს შეჰყურებს,  მოლოდინს გაიცრუებს. ეს არ არის ბრძოლა სახელისთვის, არც სამშობლოს ლიტონური გაგებისთვის. ეს არის ბრძოლა ხვალინდელი ბრძოლისთვის , გადარჩენისთვის.  ბრძოლა, სადაც მხოლოდ სიკვდილია  შესაძლებელი, სადაც მეგობრობა ყალიბდება და კვდება, თუმცა არა ღალატით ან გაცემით, არა, უბრალო  ცივი სიკვდილით. ხვალ..  შენი მეგობარი კატი აღარაა..
პირველი გამოცემის გარეკანი
  „ამისთვის არც ღირდა’’,- გეტყვის სამხედრო ექიმი. და მაშინ, როდესაც  ყველაფერი გებინდება, როცა თვალს გჭრის მანათობელი შაშხანის გაელვება, როცა გვერდით მგომი კაცი, რომლის სიკვდილისპირა ხროტინი გულს გწვავს და თანაბრად გაშინებს,  ხვდები რომ ყველაფერი, რაც აქამდე გეგონა სიმართლე, სიცრუეა:  სიცრუეა შენი ახალი უნიფრომა, რომელსაც მხოლოდ შემოწმებისთვის გაძლევენ და მოგვიანებით ისევ ჩამოგართმევენ, სიცრუეა ზავი, ცრუობდა შენი მასწავლებელიც კი, რომლის გამოც ომში წამოხვედი და ცრუობ შენც ოჯახთან,  რომ ყველაფერი კარგადაა,  მაშინ როცა ადამიანურ ყოფას ფეხს ვეღარ უწყობ,  და მაშინ,  როცა მიხვდები, რომ ომი ეს უაზრო ხუმრობაა სიკვდილზე , სიცოცხლეზე, ეს თავხედობა, რომელიცშეიძლება  სადმე, მოხდენილად განათებულ, სუფთად შეღებილ ოთახებში, სადაც ბროლის ჭაღი თვალს გჭრის,ზედმეტი და მიუღებელი იყოს, იქნებ დამამცირებელიც, მაგრამ აქ, ფრონტზე, ეს სიცოცხლისთვის ბრძოლაა, არ იმიტომ, რომ მათთვის სულერთია სიკვდილი ან სხვისი ბედი, არც იმიტომ, რომ შეეჩვივნენ  სიკვდილს.. არა,  უბრალოდ მათ უხარიათ, რომ ეს მათი სიცოხცხლეა   და  დაბობვისაგან ძლივს შერჩენილ ორმოებში ის მათ ეკუთვნით.  მძიმეა, ფხიზელი გონებით გესმოდეს ომის არსი, როცა ხედავდე სიკვდილს და დგამდე მისკენ ნაბიჯს. არა, სჯობს იცოდე , რომ სუნთქავ , არ კვდები იქნებ -   ჩურჩლით ნათქვამი „გადავრჩე“ ის ხავსი იყოს, რომელსაც მაგრად ჩაეჭიდები. და ეს მაშინ, როდესაც მათ ახლა იგრძნეს, რა მძიმედ შეგიძლია  გედგას ფესვები ამ მიწაზე და გინდოდეს,  რომ მყარად, ძლიერად იდგე..  ყოველი დღე კი საპირისპიროს გიმტკიცებს, ეს ფესვები იჭრება, იკვეთება.  თუ გაგიმართლა და   საცხედრედან მობრუნდი, განა არ მოჰყვები ცეკვას, ლანძღვას, მტვრევას და სიყრვარულის უაზრო გამოხატვას?!...  შენ დაბრუნდი. მცირე ხნით,  მაგრამ ამას რა მნიშნელობა აქვს :  შენ სიკვდილი მოატყუე , ერთი წუთით,  მაგრამ ეს ერთი წუთიც ხომ შენი სიცოცხლეა.  მეტი არც ომში წასვლისას გქონია და შეიძლება, არც გქონდეს. მანამდე კი  ვჩურჩულებ.. „ მე ცოცხალი ვარ“... ვყვირი „ მე ცოცხალი ვარ“ ..    

 ნაწარმოებში ბევრი მომენტია, რომელიც  განსაკუთრებით  მოგწყვეტთ გულს, მაგრამ მე გირჩვედით წაიკითხოთ იმისთვის, რომ იცხოვროთ:  იცხოვროთ ერთი დღით მათთან.. გაიცინოთ ,სიცოცხლის მწარე ცრემლი გწვავდეთ და გესმოდეთ, რომ ომს ვერასოდეს დაიწყებს მთა, ველი, პურის ყანა... და თუ ჩემი მიწა, ჩემი სახლი მეძახის, თუ ახლადაქოჩრილი ჩემი ბლის ბაღი თეთრ ზეწრად გადაიქცა , ნუ გადამიდგები წინ , რათა  ომი აქციო ჩემს საქმედ. „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, ისინი ვეღარ მწვდება მე... წარსული–წარსული!’’

 მე ისე მარტო ვარ და არაფერს ველი, ასე, რომ უშიშრად შევცქერი მათ . ამ წლებში განვლილი ცხოვრება ჯერაც ჩემს ხელის გულზე მაქვს. და ვიდრემდე იგი ჩემში ბოგინებს , და სულ ერთია,  ენდომება თუ არა ეს ჩემს: მეს:–ს,  იგი თავად მიაგნებს თავის გზას.
ამ დღეს ფრონტზე სიწყნარე სუფევდა ...  „ დასავლეთის ფრონტი უცვლელია“




დასავლეთის ფრონტი უცვლელია / All Quiet on the western front
რეჟისორი: ლუის მაილსტოუნი. 1930 წელი

http://filman.ru/newsz/voennie/102912-na-zapadnom-fronte-bez-peremen-all-quiet-on-the.html


No comments:

Post a Comment