Wednesday, April 2, 2014

‘’ნული ყოფაქცევაში’’ (Zéro de conduit) . რეჟისორი ჟან ვიგო


         

ჟან ვიგო მუშაობის პროცესში
ჟან ვიგო, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 4 სრულმეტრაჟიანი  ფილმის გადაღება მოასწრო, აღიარებულია კინემატოგრაფიის ლეგენდად. როგორც კინოს კრიტიკოსები აღნიშნავენ, მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური მგრძნობიარობით და ახლოს დგას ხალხთან, მათ მისწრაფებებთან. მისი ქმნილებები ადამიანურია, მაგრამ მიზნები მაღალფარდოვანი აქვს, თუმცა ისინი აღსაქმელად ადვილად  და გასაგებად არის წარმოჩენილი. ვიგოს ნამუშევრები არის ‘’მარტივი და გენიალურის’’ კომბინაციის საუკეთესო მაგალითი.
ჟან ვიგო იყო ვაჟი კატალონიელი ანარქისტისა და რეჟიმთან შეურიგებელი მებრძოლის, ეჟენ  ბუენავენტურა დე ვიგოსი, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა საპყრობილეში.
ჟან ვიგოს ბაშვობიდანვე სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად უწევდა საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში სიარული. რაკი მისი მშობლები აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ ჩაბმულნი, მის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდნენ ნათესავები და ოჯახის ახლო მეგობრები. ვიგო სწავლობდა სკოლა-ინტერნატშიფსევდონიმით ჟან სალე. 1922 წელს ახალგაზრდა ჟან ვიგო გადავიდა საცხოვრებლად დედამისთან და 1926 წელს გარკვეული დროით სწავლობდა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში1929 წელს იგი დაქორწინდა ელიზაბეტ ლოზინსკაიაზე. 
ჟან ვიგო ახალგაზრდობიდან დაინტერსდა კინემატოგრაფიით. მან შეიძინა კინოკამერა და 1930 წელ დაიწყო მუშაობა თავის პირველ დამოუკიდებელ ფილმზე ,  სახელწოდებითნიცის გამო“. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი ( დაახლოებით, 20 წუთიანი) მწვავე სოციალური პამფლეტი, დოკუმენტური ჟანრისა. ამ ფილმის შემდეგ ვიგომ ალღო აუღო რეალობის ბუნებრივ სილამაზეს და ბანალურ სცენებს პოეტურ ჟღერადობას ანიჭებდა.
ვიგოს რიგით მეორე, ამჯერად დოკუმენტური,  ფილმი გახდატარისი. მასში მოთხრობილია მოცურავე ჟან ტარისზე, რომელიც შეჯიბრში იღებს მონაწილეობას. შემდეგ იყო ფილმი ნული ყოფაქცევაში, რომელიც ეხება აღზრდის თემას საფრანგეთის სკოლა-ინტერნატებში1934 წელს ჟან ვიგომ გადაიღო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შემოქმედებითი კინოატლანტა“, სადაც მთავარ როლში ითამაშა დიტა პარლომ. ამ ფილმმა დიდი გავლენა იქონია მომავალი თაობის ფრანგ რეჟისორებზე, კერძოდახალი ფრანგული ტალღის განვითარება-დახვეწაზე. ჟან ვიგო 29 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
ფილმი ‘’ ნული ყოფაქცევაში’’ გადაღებულია 1933 წელს. ეს არის პერიოდი, როდესაც კაცობრიობას ჯერ კიდევ მტკივნეულად ატყვია პირველი მსოფლიო ომის ნაიარევები და კვლავაც  მოუშუშებელ ჭრილობებს ემატება ახალი საშიშროების - მეორე მსოფლიო ომის ამოხეთქვის საფრთხე. ამ საშიშროებას ყველაზე მძიმედ ხელოვანები გრძნობენ. მათი საქმიანობა ხომ მთლიანად ეპოქის სურათს ასახავს ხოლმე. ჟან ვიგოც იმ რეჟისორთაგანია, რომელსაც იმის ფუფუნება მიეცა, რომ გადაეღო ფილმი არა პროპაგანდისტული, არამედ საკუთარ აზროვნებაზე, სურვილებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული, თუმცა ეს ფილმი მაინც არის ფარულთქმა: აქ არ არის სისხლისღვრა, შეტაკებები, მსხვერპლი, რაც აგრესიულ რევოლუციას ყოველთვის თან ახლავს. ვფიქრობ, ავტორმა ეს ხერხი მიზანმიმართულად გამოიყენა, რათა ნამუშევარი კიდევ უფრო მეტაფორული ხასიათის ყოფილიყო.  ყველაზე მოკლე სრულმეტრაჟიანი ფილმი ჟან ვიგოს ნამუშევრებს შორის - ‘’ნული ყოფაქცევაში’’ ასევე ითვლება ყველაზე უფრო ზეგავლენის მომხდენ ფილმად. განსაკუთრებით საინტერესო ფილმის სიუჟეტი იმით არის, რომ იგი დაფუძნებულია რეჟისორი ბიოგრაფიულ ფაქტებზე: სწორედ ვიგო სწავლობდა სკოლა-პანსიონში, სწორედ მის გარშემო ტრიალებდნენ მომცრო ტანის ბურჟუაზიელი ტირანები, როგორც ფილმში დისციპლინის დამცველი ქონდრისკაცია. ‘’ნული ყოფაქცევაში’’ ასახავს ვიგოს ანარქისტულ ფასეულობებსა და დამოკიდებულებას მჩაგვრელი ბიუროკრატიული რეჟიმის მიმართ.
ცენზურამ ვიგოს ამ ფილმს ‘’ძალადობის წამქეზებელი და მაპროვოცირებელი’’ უწოდა და აკრძალა. სამოქალაქო და საგანმანათლებლო ჯგუფების მასობრივი მოთხოვნის წყალობით, რომ ფილმი საჯაროდ ეჩვენებინათ, შეიძლება ითქვას, ნამუშევარი გაქრობას გადაარჩინა და მან დღის სინათლე მეორედ, 1933 წლის პრემიერის შემდეგ,  1945 წელს იხილა.



 სიუჟეტი

არდადეგები დასრულდა.  იწყება სწავლის პერიოდი. მოსწავლეები ბრუნდებიან ფრანგულ სკოლაში, რომლის წესებიც მათ თავს ძალიან აბეზრებს. თითოეული მათგანი იძულებულია მიყვეს ქცევების განსაზღვრულ ინსტრუქციას. წინაღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ შეფასებას - ‘’ ნული ყოფაქცევაში’’, რასაც მოყვება სადამსჯელო ღონისძიებები. ბავშვებს ბეზრდებათ გამუდმებით დასჯილ მდგომარეობაში ყოფნა და მათი ერთი ნაწილი, ოთხკაციანი ჯგუფი, შეიმუშავებს გეგმას, თუ როგორ მოაწყოს ამბოხი სასწავლებლის ტირანი და ექსცენტრიული მფლობელების მიმართ სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე. მანამდე კი  ბავშვები თავიანთ ყოველდღიურ რუტინას გაამრავალფეროვნებენ ბალიშებით ბრძოლით: შთამბეჭდავია სცენა,  თუ როგორ სინჯავენ ძალებს თეთრ პიჟამოებში შემოსილი ბავშვები რევოლუციის წინა ღამეს ბუმბულებით მიმოფანტულ საძინებელ ოთახში და ყვირიან: ‘’ომი გამოცხადდა. ძირს მასწავლებლები. გაუმარჯოს რევოლუციას’’.  ზეიმი იწყება თუ არა, აჯანყებული მოსწავლეები ძვრებიან შენობის სახურავზე, საიდანაც ბანკეტის მონაწილეებს დაუშენენ ნაგავს და თუნუქის ქილებს. აღმართავენ თავიანთ დროშას და აწყობენ რევოლუციას.

მთავარი გმირი
რევოლუციონერები
ფილმს ჰყავს ოთხი მთავარი გმირი: ტაბარდი, კოზეტი, კოლინი და ბრუელი. მართალია, ისინი განსხვავებული ინდივიდები არიან თავიანთი ნაკლითა და უპირატესობებით, თუმცა ამ შემთხვევაში, მგონია, რომ ოთხივე მათგანი ერთ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ, რადგან მათი ყოველი ქმედება ერთდროულია, შეთანხმებული, კონსპირაციული, მიზანმიმართული და დაგეგმილი. მათი ყოველი ნაბიჯი ეხმიანება ფილმში გატარებულ მთავარ იდეას. სწორედ ამიტომ მივიჩნევ მათ ერთ მთლიანობად, ფილმისთვის საგანგებოდ შეკრულ სუბიექტად და არა ცალ-ცალკე ოთხ ამხანაგად. ისინი კეთილად მოაზროვნე მეამბოხეები არიან: არ კლავენ, არ ანადგურებენ, არ სძულთ, მაგრამ უყვირიან, ებრძვიან, ემუქრებიან და გარბიან, აგრეთვე თავს იკატუნებენ , თითქოს არ ესმით, იპარებიან, უნდობლობას აცხადებენ და ანგრევენ სისტემას. მათ უყვართ ერთმანეთი, ან ერთმანეთის გარეშე არ წარმოუდგენიათ, მაგრამ როდესაც ერთიმეორეს ფოკუსებს უჩვენებენ, აშკარად იკვეთება სურვილი, რომ ერთმანეთს აჯობონ. ‘’მე უკეთ გამომდის’’- ეს იდეა ამ ბავშვებში ჭარბად არის. ისინი უარს ამბობენ ტრადიციად ქცეულ ლობიოს სადილზე და ამას რადიკალური ფორმებით გამოხატავენ, ყვირიან, ისვრიან მარცვლებს. მათთან შიში არ არის, არის მხოლოდ სურვილი,რომ ვერავინ გამოიჭიროს გეგმის შესრულებისას. მათი მთელი ავლადიდება ფილა შოკოლადი და ახალი, არდადეგებიდან  საიდუმლოდ წამოყოლილი სათამაშოებია. მოსწავლეთა ეს ჯგუფი ასახავს მუდმივად განახლებად თაობას, რომელსაც უფროსების შეხედულელებთან ყოველთვის ანტაგონისტური დამოკიდებულება ექნება. ეს არა მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხია,  ეს აგრეთვე არის თაობათა შორის არსებული მუდმივი ჭიდილის კიდევ ერთი გამოხატულება.

ფილმის მთავარი იდეა
ფილმის მთავარი იდეა ყველაზე უკეთ იკვეთება უკანასკნელ სცენაში, სადაც
შეშინებული მასწავლებლები და დირექტორი იმალებიან ოთახში და ფანჯრიდან ჩუმად ადევნებენ თვალს აჯანყებული მოსწავლეების ქმედებას. ‘’ნული ყოფაქცევაში’’ - ეს არის ფილმი რეჟიმთან შეურიგებლობაზე. იგი არის ნამუშევარი რადიკალური შეხედულებების მქონე ადამიანებისათვის მოტივაციის კიდევ უფრო გასამყარებლად. მეამბოხეობის იდეა იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ რაღაც მომენტში ახირებასაც კი ემსგავსება. ბავშვები- აქ არის ხატსახე სიახლის, სიცელქის, დაუმორჩილებლობის, ხალისის და სწორედ ბავშვები არიან ისინი, ვისაც ყველაზე ადვილად გამოუვიდა რევოლუცია. ფილმის ძირითადი ფუძე, აზრი, თემა არის გადატრიალება - სწრაფვა სიახლის ძიებისკენ, უარი დამდგარ და დამყაყებულ  აზროვნებას. სწორედ ეს იდეაა დამაკავშირებელი ფაქტორი ნებისმიერ ეპოქას შორის, გარდამტეხი ძალა, რომელიც ფილმს, რომელ წელსაც არ უნდა იყოს იგი გადაღებული, თანამედროვეობისთვის რელევანტურსა და საინტერესოს ხდის.

ავტორის დამოკიდებულება ფილმის მასალების მიმართ

ვფიქრობ, რომ ფილმში იმდენად ცხოვრებისეული ასპექტებია გამოყვანილი, რომ ასეთი იდეალურობა და სიმარტივე პრობლემის დანახვის, ასახვისა და გადაჭრისა შესაშურსა და ზღაპრულს ხდის მას. როდესაც ფილმის გადაღება დაასრულეს, ორიგინალი ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე დღეისათვის ცნობილი ვერსია. მაგრამ რეჟისორს მოუწია გარკვეული სცენების ამოჭრა, რათა ნებადართულ ქრონომეტრაჟს არ გადასცდენოდა. ამიტომ ავტორმა ამოჭრა სცენები, სადაც, ძირითადად, იყო ნარატივი - მონოტონური თხრობა  და დატოვა სცენები, რომელიც მიიჩნია ყველაზე დასამახსოვრებელ, შთამბეჭდავ, გავლენის მომხდენ სურათებად, ისეთებად ,რომელიც ცვლის პიროვნების არსს და მიდგომებს. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იყო ხელოვანის ძალიან სწორი მიგნება და არჩევანი. იმის საშუალებით, რომ ვიგო სამყაროს ბავშვების თვალით გვაჩვენებს, ის გვაძლევს გზას და გვიქმნის მაგიურ ლანდშაფტს, რომ ვისწავლოთ, როგორ მოვერიოთ დაუოკებელ აგრესიას. თუ როგორ უწყინრად დასცინიან მოსწავლეები თავიანთ მეთვალყურეებს ზურგს უკან, ქმნის საპირისპირო სურათს არაადეკვატურ უფროსებთან მიმართებაში, რაც ფილმს საშიშთან ერთად კომიკურ ელფერსაც ანიჭებს.  

გამორჩეული სცენა
სცენა, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა ჩემზე, იყო ბალიშებით ბრძოლის მომენტი. ეს სცენა შედგება შენელებული კადრებისაგან, როდესაც ჰაერში ფარფატებს ათასობით ბუმბული. აღტაცებული ბავშვები, რომლებიც განმსჭვალული არიან მეამბოხე სულის ძახილით, საზეიმო მარშით ირაზმებიან ე.წ. მტრის წინააღმდეგ. ეს მეტაფორა წარმოადგენს იმ ადამიანთა სახეს, ვისთვისაც გამარჯვება,როგორც შედეგი, იმდენად იდეალისტური არ არის, რამდენადაც -ქმედება, სწრაფვა , ნაბიჯი ევოლუციისკენ. ბუმბულით სავსე ოთახში დარაზმული ბავშვების ჯგუფი ჰგავს თოვლის ქარბუქში გამოჩენილ არმიას, რომელიც მოდის, რათა ებრძოლოს სისტემას.

პანსიონის მფლობელის შეპყრობა მეამბოხეების მიერ

სხვა ინფორმაცია
·         1935 წელს საფრანგეთის კინოაკადემიამ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საუკეთესო ნამუშევრებისათვის დააწესა ვიგოს სახელობის პრემია.
·        
ტაბარდი. კოზეტი. კოლინი. ბრუელი. 
      ჟან ვიგოს ოთხივე ფილმის ოპერატორი იყო ბორის კაუფმანი, ცნობილი კინორეჟისორის ძიგა ვერტოვის ძმა.
 სკოლის გამოსაშვები საღამო . სტუმრების რიგში ფიტულები ჩამწკრივებულან.
·         ვიგოს ნამდვილი სახელი და გვარია ჟან ბონავენტურ დე ვიგო ალმერეიდა.
·         
     ვიგო ამტკიცებდა: ‘’ კინომ უნდა წარმოაჩინოს რეალობის "ფარული აზრი", გააკეთოს ისე, რომ "საგნები წარმოჩნდეს იმ თვისებებით, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ იერს".
 კრიტიკოსი ემანუელ ლევი: ‘’ ეს არის საუკეთესო ფილმი ბავშვობაზე, ანარქიზმსა და რევოლუციაზე ერთად. ამ ფილმმა შთააგონა ტრიუფოს , შეექმნა ‘’ 400 დარტყმა’’, ხოლო ლინდსი ანდერსონს - ‘’თუ’’.


ტაბარდი - ჟან ვიგოს პროტოტიპი ფილმში.



იხილეთ ფილმი ''ნული ყოფაქცევაში''

No comments:

Post a Comment