Wednesday, July 16, 2014

სამი ფერი: ლურჯი (1993)

                                                          

1993 წელს გადაღებული ფილმი ‘’ლურჯი’’, რომელიც წარმოადგენს პირველ ნაწილს ტრილოგიისა ‘’სამი ფერი’’,  გადაიღო პოლონელმა რეჟისორმა კშიშტოფ კიშლოვსკიმ. მოქმედება მიმდინარეობს პარიზში. მთავარ როლს ასრულებს ჯულიეტ ბინოში. ფილმში წარმოდგენილი სიუჟეტის მაგალითზე წარმოჩენილია რეჟისორის  მთავარი სათქმელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ისწრაფვის თავისუფლებისკენ, მარწუხებისგან შორს, თუნდაც ეს საკუთარ ოჯახთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ შეუძლებელია,
სრულიად გაექცე რეალობას და შექმნა ახალი ‘’მე’’, ისე რომ ძველმა ცხოვრებამ თავი არ შეგახსენოს. ეს წელი -1993 წელი, იმით არის აღსანიშნავი, რომ ბევრ ქვეყანაში,მაგალითად,  შრი ლანკასა თუ ინდოეთში, მიმდინარეობს სამოქალაქო ომები სხვადასხვა ქალაქში და ფილმიც ამ მოვლენებს ეხმიანება ფრანგული რევოლუციური იდეებით, რომელთა მთავარი და პირველადი ცნება სწორედ თავისუფლება იყო, თუმცა აქ ნაკლებად არის საუბარი პოლიტიკურ თუ სოციალურ თავისუფლებაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების შინაგანი სწრაფვა თავისუფლებისკენ.

                                                              სიუჟეტი
მოქმედება იწყება მაგისტრალიდან: მანქანა მაღალი სიჩქარით მიდის. ფანჯრიდან პატარა ხელი კანფეტის ლურჯ ქაღალდს აფრიალებს. გზად ახალგაზრდა მამაკაცი ხელის აწევით ანიშნებს მათ, რომ გაიყოლონ, მაგრამ მანქანა არ ჩერდება. რამდენიმე მეტრის მოშორებით მანქანა ავარიაში ყვება. ბედის ირონიაა, რომ შემთხვევითი მგზავრი ასევე შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, ან პირიქით, მძღოლს რომ გაეჩერებინა, შესაძლოა სიჩქარე ძალიან არ აეკრიფა და ავარიაც არ მომხდარიყო.  რეჟისორი ბედისწერის თამაშზე გვესაუბრება.  საჭესთან იჯდა ჯული, რომელიც გადარჩა თავისი ქმრისა და მცირეწლოვანი გოგონასაგან განსხვავებით. იგი საავადმყოფოში თავის მოკვლას ცდილობს, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიჰყავს. იგი ეკრანიდან ადევნებს თვალს დაკრძალვის ცერემონიალს, რომელიც საკმაოდ პომპეზურია, რადგან ჯულის ქმარი პატრიკი ცნობილი კომპოზიტორი იყო. მას დაუსრულებელი დარჩა ერთი ძალიან ცნობილი კომპოზიცია, რომლის ბოლო აკორდებს ჯული იპოვის როიალთან და თან წაიღებს, როდესაც ყველას გაუფრთხილებლად პარიზში გაემგზავრება ძველი ცხოვრების დასავიწყებლად. იგი თავის სახლში ტოვებს ოლივიერს, რომელიც მას ეტრფის და თან მიაქვს მხოლოდ თავისი გოგონას კუთვნილი ლურჯბურთებიანი სანათური, როგორც ერთგვარი სახსოვარი.
ჯული პარიზში ბინას ქირაობს. საღამოობით ყავას სვამს კაფეში, რომლის წინაც ქუჩის მუსიკოსი ფლეიტაზე უკრავს და ქალს ამ ჰანგებით ნუსხავს. ჯულის ამ ბგერების გაგონებისას სული უფორიაქდება და მუდმივად ღელავს, აგონდება რაღაც ძალიან ნაცნობი და მტკივნეული. იგი ნახულობს დედას, რომელსაც ალცჰაიმერი სჭირს და ჯული თავისი და - მარი-ფრანსი ჰგონია. ჯული მეორედაც ინახულებს დედას, მაგრამ ის ამქვეყნიურობისგან შორს არის, რეალობა უცხოა მისთვის, საკუთარ ფიქრებში ცხოვრობს, რის გამოც ჯული უსიტყვოდ შებრუნდება და წავა.
ქალი ყოველ საღამოს დიდ, ლურჯ აუზში ცურაობს და თითქოს მთელი დღის მოგონებებს იქ ტოვებს, ტირის, განიცდის და ესმის მუსიკა, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია. ჯული დაუმეგობრდება მეზობელს, მოცეკვავე ლუსილს და ისინი მორალურ მხარდაჭერას უწევენ ერთმანეთს. სწორედ ლუსილთან სტუმრობისას ჯული შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა. ოლივიერის საშუალებით, რომელიც ჯულის პარიზში გადაეყარა, ქალი იპოვის მისი ქმრის ყოფილ საყვარელს: იგი ორსულადაა. სანდრინი მალევე იცნობს ჯულის და თავს დამნაშავედ გრძნობს მის წინაშე. ჯული სანდრინს უთმობს მისი ქმრის სახლს. სანდრინი გაოცებული და ბედნიერია.
ერთხელაც ჯულის ხვდება ის ბიჭი, რომელმაც ავარიის დღეს გაჩერება სთხოვა და მოუტანს მისი გოგონას ჯვარს. ჯული განიცდის და ცხარედ ტირის, ჯვარს კოცნის, მაგრამ თან არ მიაქვს და მაგიდაზე უტოვებს ბიჭს. მას არ უნდა ძველ ცხოვრებასთან დაბრუნება.
ფილმის ბოლოს ვიგებთ, რომ სინამდვილეში კომპოზიტორი ცნობილი მელოდიებისა ჯულია და არა მისი გარდაცვლილი ქმარი. ამის აღიარებას ჯულის ოლივიერი სთხოვს. ფილმის ბოლოს ისმის ქალის ნაწარმოების მჟღერი ბგერები და ჩანან ადამიანები, ვისზეც ჯულიმ თავისი კვალი დატოვა: სანდრინი, ლუსილი, ბიჭი ჯვრით და თავად ჯული, რომელიც ტირის.
                                                             ანალიზი
‘’ლურჯი’’, პირველი ფილმი ტრილოგიისა ‘’სამი ფერი’’, შეიცავს ისეთ კითხვებს, რომლებიც ეხმიანება და პასუხობს მიმდინარეობას ადამიანის არსებობის შესახებ, ანუ ეგზისტენციალიზმს: რა არის მთავარი მიზანი, რისთვისაც ვცოცხლობთ, რატომ არის ეს მიზანი და მცდელობა, რომ გათავისუფლდე იმისგან, რაც არ მოგწონს. რეჟისორი ისე გადმოგვცემს სათქმელს, რომ მაყურებლზე ჰიპნოზურად მოქმედებს თავისუფლების დაბრუნების მცდელობა თუ ტკივილი დანაკარგის გამო. ‘’ლურჯი’’ ეს არის განცდების ერთიანობა, რომელიც არა მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობით ან გაქცევით გამოიხატება, არამედ ახალი ცხოვრების ძებნით, სიყვარულის ძიებით: ჯული ოჯახის დაკარგვის შემდეგ სწორედ იმიტომ იხმობს თავისთნ ოლივიერს, რომ მას უყვარს ქალი, დიდი ხანია ეტრფის და ჯულის ჰგონია, რომ ეს მას უშველის და იარებს მოუშუშებს, მაგრამ ხსნა არც აქ არის და სწორედ ამიტომ ტოვებს ყველაფერს უკან და მიდის იქ, სადაც არც ერთი ნაცნობი არ ეგულება და თან ძველი ცხოვრების ერთადერთი მოსაგონარი - ლურჯი ჭაღი მიაქვს, რომელიც ისეთი სათუთია მისთვის, რომ თითის დადებაც ეძნელება.
რეჟისორი, აგერ უკვე მეორე ფილმში(მანამდე იყო ''დეკალოგი'') ბედისწერის სახიფათო თამაშებზე მიგვანიშნებს: ბედის ირონიაა, რომ ბიჭს მანქანა არ გაუჩერეს, თორემ ალბათ ისიც დაიღუპებოდა. ამას ბიჭი ხვდება. გადის დრო და იგი ჯულის თავისი გოგონას ჯვარს უბრუნებს, ამით ბიჭს სურს, ქალს დაუბრუნოს რწმენა, იმედი, სინათლე, მაგრამ ქალი უარს ამბობს ამაზე და მიდის, იმედი კი რჩება ბიჭთან, რომელიც ჯვარს უკვე თავად ატარებს.

ჯულიეტ ბინოში შესანიშნავად ფლობს მსახიობის ოსტატობას: ისე თამაშობს, თითქოს თამაშობს კი არა, ცხოვრობს, ესაა მისი გზა. მრავლისმთქმელია მისი მიმიკები, როცა უყურებს ქმრისა და შვილის დაკრძალვას, როგორ უცახცახებს ამ დროს ტუჩები და სიტყვის თქმაც აღარ არის საჭირო. ის თითქოს ნამდვილია და არა შექმნილი პერსონაჟი: როგორ წაიბორძიკებს კიბეზე დაჯდომისას, როგორ ეშინია, როგორ უკვირს ან როგორ ეჭვიანობს - ის ნამდვილად გენიალურია.
რატომ ლურჯი? ფილმში დასმულია ისეთი ფასეული აქცენტები, როგორიცაა - რა არის ჩვენი გზა და როგორ მივაღწიოთ იმას, რაც გვსურს. ლურჯი, ეს უბრალოდ აქცენტის ოსტატური გადაფარვაა, შემოქმედებითი ხერხია, რომ ფილმის ნახვამდე მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა: რა არის ლურჯი? ლურჯი აქ არის იდეა თავისუფლებისა და მისი ძიებისა. ხოლო თავად ფილმში ლურჯი არის ყველაფერი , რაც კი შესაძლებელია: კანფეტის ქაღალდი, თავად კანფეტი, სინათლე, აუზი, რომელშიც ჯული მთელ თავის ემოციებს ყოველდღიურად ტოვებს და ერთგვარად თავისუფლდება, და რაც მთავარია, ლურჯბურთებიანი ჭაღი, ძველი ცხოვრების სიმბოლო, რომელიც ყოველთვის ჩამქრალია, მხოლოდ  ბურთები ციმციმებენ, ლურჯად.
ჩემზე, როგორც მაყურებელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეჟისორის კიდევ ერთმა ხერხმა, როდესაც უცებ გამოსახულება ქრება და ისმის მხოლოდ კომპოზიციის ხმა, შემდეგ გამოსახულება ისევ ნათდება. ეს სათქმელის უფრო მეტად გათავისების საშუალებასაც იძლევა და თანაც, მსგავსი ტექნიკური ხერხები ქმნიან რეჟისორის სტილს და ხელწერას, რომელიც მაყურებელს  გულგრილს არ ტოვებს.
არის რამდენიმე სცენა, რომელთაც რამდენჯერმე ვუყურე, მაგალითად: სცენა 1. რეჟისორის ნიჭზე საუბარი ალბათ უკვე ზედმეტია, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკას, რომელიც  შეიძლება ემოციურ ფონს თან ახლდეს ფილმში, გადამღები ჯგუფი ცოცხლად გვთავაზობს: ქუჩის მუსიკოსი დგას და ფლეიტაზე უკრავს და ეს რამდენჯერმე მეორდება. ეს სცენები უფრო ცოცხალსა და დინამიკურს ხდიან მოქმედებას.

სცენა 2. ჯულის ვირთხის მოკვლა არ შეუძლია, რადგან ისიც დედაა და პატარა შვილების დაცვა უნდა, ცდილობს საფრთხეს გაარიდოს. ჯულის თან ეცოდება და თან ვერ ეგუება მათ საზარელ წრიპინს. ბოლოს სიბრალულს და დედის სოლიდარობის განცდას სძლევს სურვილი, რომ აღარასოდეს მოიხედოს უკან და სახლში კატას შეუშვებს, თვითონ კი აცრემლებული თვალებით კარს კეტავს.
სცენა 3.  სცენა, როდესაც შაქრის ნატეხს კუთხიდან მთელ სიგრძე-სიგანეზე ყავა ედება, ისევე როგორც შესაძლოა ჯულის სულს უიმედობის განცდას მოედოს. ბოლოს შაქარი სითხეში ვარდება.  ჯული სწორედ შავი უფსკულისგან თავდაცვას ცდილობს.


მორალისაკუთარ ცხოვრებას ვერ წაშლი, რადგან ეს შენ ხარ, ეს შენი სახეა, შენი ინდივიდი და ეს ისაა, რაც დღეს ხარ.

საკუთარ თავს ვერ გაექცევი.


No comments:

Post a Comment