Tuesday, August 5, 2014

Summertime Sadness Of all time...


სადღაც შორს, ზღვაში,  დელფინმა კუდი ამოჰკრა ტალღის ერთ ფრთას და ჰაერში ათი ათას ალმასად აამსხვრია...  მზის სხივებმა დაითითოვეს, შეუჩნდნენ, შეუერთდნენ და ჩაიღვარნენ ზღვაში. წეროების გუნდმა გადაიფრინა.  ვიღაცას მზე ეფარა, ვიღაცას- მონატრება...

ფანჯარაში ვიყურები: როგორ არხევს ტანს ხე ქარის ჰანგებზე.  ფიქრებმა ირაო მოხაზეს...

მინდორში მივაბიჯებ, მაგრამ ძალიან ფრთხილად.. მეშინია, ყვავილებს არაფერი ვავნო.  მკერდიდან ცრემლების მსხვილი მარგალიტი ამოხტა და ყელში გამეჩხირა... ფეხს არ ვიცვლი. მინდვრის ყვავილები კისკისებენ... მუხლებზე დღიურს ვშლი და ვწერ დაუსრულებლად. ფიქრების ორომტრიალი მაქვს თავში, ერთმანეთს ეხეთქებიან და ლამობენ, პირველად თვითონ ჩაეხვიონ მელანს. ვწერ... ვწერ... აააააააჰ.....  მწარე ტკივილი მაფხიზლებს: მკლავზე ფუტკარმა მიკბინა..   ეს ხომ
გურამის (ავტ. გურამ რჩეულიშვილი. ‘’ირინა’’)  ფუტკარია?! რაღა ჩემ გამო უნდა მოკვდეს..  გურამივით, მეც  მერევა ნისლიფერი სევდა: ამჯერად ჩემთვის ‘’ღაფავს სულს ფუტკარი მივარდნილში...’’  დღიურს ვუბრუნდები - ეს სავსე დღიური.. სავსე რამდენი ნიაღვრით. წალეკეს ფიქრებმა.  ნოა მახსენდება. ელის სიტყვებს ვპარავ: დღიურს ბოლოში ვაწერ:
‘’ წამიკითხე და მე დაგიბრუნდები..’’   მზის გულში ვიძირები...

.... ტელეფონი აწკრიალდა. ერთბაშად ვფიხზლდები.
-ჰო,ნიკა. როგორ ხარ?
-კარგად.შენ როგორ ხარ? სად დამეკრაგე?
-მინდორში..
-სად???
-არსად..  რაღაცას ვწერდი.
-დღეს ჩამოივლი?
-არ ვიცი, შეიძლება.
-გამიხარდება.

ღიმილი... სიცილი... კისკისი... კვლავ ღიმილი.. სავარძელი.. თან ‘’ღრმად, თითქოს საუკუნოდ’’. როცა გრძნობ,  სევდამ როგორ აგასხა თავისი ქისები წამწამებზე...  მალე შემოდგომა მოვა. მზე ოქროს ტომრებით დაარიგებს ქარვას.მე წვიმის მძივებით მოვირთვები. მოვიწყენ ისე, როგორც თეთრი ვერსალი შემოდგომის ღამეებში.. უფრო მეტად ვიგრძნობ, თუ როგორ შემომყვარებია ის, ვისზე ფიქრიც თმებივით ჩამომეშალა მხრებზე. ‘’აღარ მიყვარხარ,  არადა მიყვარხარ..’’ J  სიმფონიაა, როგორც აჟღერებ ჩემს სულს. ეს ყველაფერი ხომ ჩემია და.. განა შენ არა???  სიამაყე მიპყრობს, როგორც ერთადერთს, როგორც ‘’ხეჭეჭურს, ქვაზე დასათხლეშს...’’  ისევ შემოგელალები, როგორც ‘’პეპელა ყვავილს’’.....   ‘’ჩემთან ---.. ჩემ გარეშე __.    ჩემთან ----, ჩემ გარეშე__’’      ‘’შენთან, ჯუნ’’.  გულის ვარდებმა სიმღერით ყურთასმენა წამართვეს... დადი-ან და დადი-ან ზმანებ-ები და მენატრ-ები. ტკბილმა ნოემ ბერი დაატკბო... აღარ მესმის.. ‘’წამიკითხე, როცა დამიბრუნდები’’. ელი, ელი, სულ ელი...
მინდა გავცურო გედებით სავსე ტბაში და ვისწავლო, რას მღერიან უკანასკნელად.. მინდა გაწვიმდეს კამკამა, ათინათივით წმინდა იყოს ტბა და სინგური ფოთლები შრიალებდნენ ჩემს თმებში... და როცა გედის სიმღერას ვისწავლი, როცა სარა დივერივით მომეღება ბოლო, შენს მოსვლას აღარ დავუცდი, ‘’მშვიდად გავტენი იარაღს და ღიმით ვესვრი ჩემს შუბლს...’’.       ‘’ირინკაააააააააა...... აუუუ,ირინკაააა..’’

‘’მოწყენილი ვკოცნი მის სისხლიან შუბლს’’........



No comments:

Post a Comment